რუსეთში ჟურნალისტს კორონავირუსის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან ინტერვიუსთვის 88 ათასი რუბლის გადახდა მოსთხოვეს

ირინა შიხმანი რუსი ჟურნალისტი და იუთუბ არხ А поговорить?-ის ავტორია.  მან კორონავირუსის შესახებ ფილმი –  „დუმილის ვირუსი: რის შესახებ  უკრძალავენ  ექიმებს ლაპარაკს?“ გადაიღო.

ფილმში შიხმანი აცხადებს, რომ რუსეთის საავადმყოფოებში არსებული მდგომარეობის შესახებ მასალის მომზადების პროცესში მისი გუნდი რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და მოსკოვის მერიისგან ოფიციალური კომენტარის მოპოვებას ცდილობდა. ჟურნალისტის თქმით,  უწყებებმა ოფიციალური წერილით მიმართვა მოსთხოვეს. გადამღები ჯგუფი ასეც მოიქცა, თუმცა ორი კვირის განმავლობაში მათთვის პასუხი არავის გაუცია.

მოგვიანებით ჟურნალისტმა კორონავირუსის მონიტორინგის მიზნით არსებული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან დაკავშირება გადაწყვიტა, თუმცა ალექსანდრ მიასნიკოვმა ის თავის თანაშემწესთან გადაამისამართა. თანაშემწემ  შიხმანს განუცხადა, რომ ხელმძღვანელთან 30-წუთიანი ინტერვიუს ღირებულება 88 ათასი რუბლი იქნებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რაში უნდა გადაეხადა მას საჯარო მოხელისთვის ფული, პასუხი იყო – „მის დროში“. ირინა შიხმანის თქმით, მას  საუბრის ჩანაწერი შენახული აქვს.

მიასნიკოვმა საინფორმაციო საშუალება „ღია მედიას“-თან საუბარში განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა. „თანაშემწესთან დაკავშირებას ვცდილობ, არაფერი ვიცი, ასე ხომ მილიონერი გავხდებოდი“, –  იყო მისი პასუხი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო ცენტრი მარტში შეიქმნა, მიასნიკოვი კი  ხელმძღვანელი აპრილის შუა რიცხვებში გახდა. ცენტრის მთავარი ფუნქცია ვირუსთან დაკავშირებით ფედერაციის მოსახლეობის ინფორმირება და მითებთან ბრძოლაა.

მიასნიკოვი პროფესიით კარდიოლოგი და მოსკოვში ჟადკევიჩის სახელობის საავადმყოფოს მთავარი ექიმია. მას, პარალელურად, Россия 1-ის ეთერში გადაცემა მიჰყავს, ასევე, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში პერიოდულად სამედიცინო რუბრიკის წამყვანისა და ექსპერტის ამპლუაში გვევლინება.

2020 წლის თებერვალში მიასნიკოვი აცხადებდა, რომ რუსების ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ არსებობდა, კოვიდ-19 კი სასარგებლოც შეიძლებოდა,  გამხდარიყო, რადგან ადამიანები ისწავლიდნენ ხელების ხშირად დაბანას.

ალექსანდრ მიასნიკოვი იმასაც ამბობდა, რომ პანდემია აპრილის შუა რიცხვებში დასრულდებოდა, რაც მოგვიანებით თავადვე უარყო. მიასნიკოვი ვირუსით გარდაცვალების დაბალ მაჩვენებელზეც საუბრობდა და აღნიშნულს „რუსულ სასწაულს“ უკავშირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები