პაციენტი, რომელსაც კოვიდუარყოფითი დიაგნოზი ორჯერ ჰქონდა, დაინფიცირებული აღმოჩნდა
თბილისში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც მანამდე ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. PCR ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, პაციენტი მცხეთის ე.წ. ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს.
“ეს პაციენტი გადმოყვანილია თეთრიწყაროს რაიონიდან, მოთავსებული იყო საკარანტინე სივრცეში, სადაც მას გარკვეული სიმპტომები განუვითარდა, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა მცხეთის საავადმყოფოში. მანამდე ეს პაციენტი იყო გამოკვლეული პისიარ ტესტით, შემდეგ მცხეთაში კიდევ ერთხელ ჩაუტარდა პისიარ ტესტირება, ორივე შემთხვევაში კვლევა იყო უარყოფითი.
პაციენტი მოთავსდა ჩვენს კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით. ერთ კვირას მკურნალობდა, გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა და პაციენტი დაბრუნდა საკარანტინე სივრცეში. ვიდრე საკარანტინე სივრცეს დატოვებდა, მას ჩაუტარდა გეგმიური კვლევა და დაუდასტურდა კოვიდ 19-ი. ყველა ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, ვისაც ამ ადამიანთან ჰქონდა შეხება და ყველა იყო უარყოფითი და ვერ ვხედავთ კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას”, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.