გია ჟორჟოლიანი: საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც შესაძლებელია
დეპუტატის, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის
განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პარტიების დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც შესაძლებელია.
ამის შესახებ გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი კონსენსუსი „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა შესაძლებელია, მოგროვდეს „ქართული ოცნების“ წევრი 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გააწბილა როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე, ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ – მათი უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციული მოქმედებები დიდი ხანია, ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ პოლიტიკური ჯგუფების მიერ არაარსებითი და არარსებული მიზეზების მოშველიებით საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა მათ დააკისრებს უდიდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რასაც ვფიქრობთ, არჩევნების დროს ჩვენი ხალხი გაითვალისწინებს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.