სოფელ როდინაულის რძის გადამამუშავებელი საწარმო პროდუქციის წარმოებას აგრძელებს
ზესტაფონში სოფელ როდინაულის რძის გადამამუშავებელი საწარმო პროდუქციის წარმოებას აგრძელებს. პროდუქცია, რომელიც ქართულ ბაზარზე “ზესტაფონურის” სახელწოდებით გამოჩნდა, რძის პროდუქტებს 2016 წლის შემდეგ აწარმოებს.
საწარმო ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც პანდემიის პირობებში ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და არსებული რეგულაციების სრული დაცვით აგრძელებს მუშაობას. მის ძირითად საქმიანობას რძის ქარხნული ტექნოლოგიებით გადამუშავება, იმერული ყველის, მაწონის, ნადუღისა და სხვა რძის პროდუქტების წარმოება წარმოადგენს.
როდინაულის რძის საწარმოში ზესტაფონის მერი – გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა კიკნაველიძე იმყოფებოდნენ.
“როდინაულის რძის საწარმო უკვე მეოთხე წელია, ქართულ ბაზარზეა საკუთარი, მაღალი ხარისხის პროდუქციით. გარდა იმისა, რომ საწარმო მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებს აწარმოებს, აგრეთვე, დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.