რუსთავის მერიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს 500 ლარი ჩაურიცხა
რუსთავის მერმა – ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – კახა კობერიძემ, მერის მოადგილე – გოჩა ლორიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ნინო ქავთარაძემ, დიდების ხეივანში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს, დღესვე, რუსთავში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის სამმა ვეტერანმა და მათთან გათანაბრებულმა 28 პირმა, რუსთავის მერიისგან საკვები პროდუქტის კალათები მიიღეს.
მათივე ცნობით, მოგვიანებით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამ ვეტერანს სახლში ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და სასურსათო კალათები გადასცა საჩუქრად.
“75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ფაშიზმზე გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მიდიან ამ ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ მათი დამსახურების შესახებ იცოდნენ როგორც ახალგაზრდებმა, ასევე, ყველა თაობის ადამიანმა. ფაშიზმზე გამარჯვება იყო უდიდესი მსოფლიო მოვლენა და სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით უდიდესი წვლილი ამ გამარჯვების მოპოვებაში. ჩვენს ქალაქში, დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხოლოდ სამი და მათთან გათანაბრებული 28 პირი ცხოვრობს, როგორც მთავრობას, ასევე მუნიციპალიტეტს აქვს პროგრამა და ამ პროგრამების ფარგლებში, თითოეულს დღეს ფულადი თანხა ჩავურიცხეთ. ასევე, გადავეცით სასურსათო კალათები და მივულოცეთ ეს დღე“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ანგარიშზე 500-500 ლარის ოდენობის თანხა ჩაერიცხათ, ფულადი თანხა მიიღეს ასევე, მათთან გათანაბრებულმა პირებმა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, ვეტერანები საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“ დაჯილდოვდებიან.
“მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს. ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს. რუსთავში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად რუსთავის მერიამ საკვები პროდუქტების კალათები გაუგზავნა და პირად ანგარიშებზე ფულადი ჯილდო ჩაურიცხა. სასაჩუქრე კალათებს თითოეულ მათგანს დღეს მერის წარმომადგენლები სახლებში მიუტანენ. ომის სამ ვეტერანს ქალაქის მერმა 9 მაისი პირადად მიულოცა. რუსთავში სულ ომის 3 ვეტერანი და 28 მათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, წელს მერიამ 500 ლარიანი ფულადი დახმარება ჩაურიცხა, ფინანსური დახმარება მიიღეს ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა, ე.წ ოცდაექვსიანელებმაც, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას”,- აღნიშნულია ინფორმაცია.