რუსთავის მერია საჯარო სკოლების მოსწავლებს ინტერნეტის მომსახურების საფასურს გადაუხდის

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის მიზნით, რუსთავის მერია 700-ზე მეტ მოსწავლეს  ინტერნეტის  საფასურს დაუფარავს.

როგორც “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს, ბენეფიციარების შერჩევა რუსთავის სკოლებიდან ქალაქის მერიაში გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით მოხდა და იმ ბავშვებისგან დაკომპლექტდა, რომლებსაც, ინტერნეტის გადასახადის გამო, დისტანციურ სწავლებაში ჩართვა უჭირდათ.

მათივე ცნობით, ახალი პროგრამის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად შექმნილი საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული, თანხა მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

“პირველ ყოვლისა, მადლობას ვუხდი საგანმანათლებლო რესურს ცენტრსა და საჯარო სკოლებს, საიდანაც მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. საუბარია იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც დისტანციური სწავლების სერვისის სრულფასოვნად მისაღებად ჩვენი დახმარება სჭირდებოდა. პროგრამას მერის სარეზერვო ფონდიდან ვაფინანსებთ. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსთაველი ბავშვებისთვის დისტანციურ სწავლებას უფრო ხელმისაწვდომს გავხდით”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

მერიის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი დღიდან, რუსთავის მუნიციპალიტეტი საკვებით, მედიკამენტებითა და ბავშვთა კვებით დახმარების პროგრამებს ახორციელებს. მიმიდნარე თვიდან კი პანდემიის პირობებში შექმნილ სიტუაციაში ადაპტირებისთვის სკოლის მოსწავლეებსაც დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები