გურია კვლავ “მწვანე ზონად” რჩება – რეგიონში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

გურიის რეგიონი კვლავ ინარჩუნებს “მწვანე ზონის” სტატუსს – რეგიონში კორონავირუსის შემთხვევა, ამ დრომდე,  არ დაფიქსირებულა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნა, ამ მომენტისთვის ,მიზნობრივი ჯგუფების კვლევა აქტიურად მიმდინარეობს.

“აქტიურად მიმდინარეობს შემოწმებები, მოხუცებულთა სახლი და “სასწრაფო დახმარების ცენტრი” უკვე შემოწმებულია. ამჟამად, მიმდინარეობს საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალის შემოწმება. ჯერჯერობით, “მწვანე ზონად” ვრჩებით”, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

რაც შეეხება გურიის მუნიციპალიტეტებს – ოზურგეთში, ამ მომენტისთვის, არც იზოლაციაში და არც კარანტინში არავინ  იმყოფება. ხოლო რაც შეეხება ლანჩხუთს ზ თვითიზოლაციაში რჩება 5 მძღოლი.

“დილის მონაცემებით, თვითიზოლაციაში ხუთი მძღოლი იმყოფება, ისიც შეიძლება გამოიძახონ და ხვალისთვის აღარც იყვნენ. კარანტინში არავინ გვყავს. დღეს გავაგზავნეთ ერთი ანალიზი სტაციონარიდან, შემოსულია სხვა სიმპტომებით პაციენტი, რომელსაც თან ერთვოდა ცხელება, ასეთ შემთხვევაში იღებენ კოვიდ-19-ზე  ანალიზს”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი.

რაც შეეხება ჩოხატაურს – თვითიზოლაციაში, ასევე, 6 მძღოლი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ, ამჟამად, საქართველოში კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 288, გარდაცვლილი კი, 10 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში – 4702, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 459 ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები