დავით ჩიხელიძე: სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება

„გაურკვეველია, ზელენსკის სააკაშვილის დანიშვნა ვინ ურჩია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება”, – ასე ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტს.

მისი თქმით, გონიერი და შორსმხედველი ლიდერი მსგავს ნაბიჯს არ გადადგამდა.

„მსურს, უკრაინაში სააკაშვილის რეფორმების საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას გამოვეხმაურო. გაურკვეველია, ზელენსკის სააკაშვილის დანიშვნა ვინ ურჩია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. გონიერი და შორსმხედველი ლიდერი მსგავს ნაბიჯს არ გადადგამდა.

რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის დანიშვნასა და რეფორმების საბჭოს არსს – საბჭო 2014 წელს პეტრე პოროშენკოს ინიციატივით შეიქმნა, ეს გახლავთ სახელმწიფო სტრუქტურების მკვდრადშობილი, უფუნქციო წარმონაქმნი, რომლის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმა უკრაინას არ ახსოვს.

საინტერესოა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის დანიშვნის წესი. თავმჯდომარეს უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს და არ არის არჩევითი თანამდებობა. ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის რეიტინგი დაბალია (0.4% ბოლო არჩევნებში). შესაბამისად, სააკაშვილის არჩევით თანამდებობაზე დანიშვნა შეუძლებელია, რადგან მას არც უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრში და არც მოსახლეობაში რეიტინგი არ აქვს!”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ სააკაშვილის დროს ხდებოდა სისტემური დანაშაული და ადამიანს არ ჰქონდა სრულყოფილი გამოძიების, დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

„ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილის დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე სტრასბურგის სასამართლომ მიშას „რეფორმატორობა” კიდევ ერთხელ შეგვახსენა და გვითხრა, რომ სწორედ სააკაშვილის დროს ხდებოდა სისტემური დანაშაული და ადამიანს არ ჰქონდა სრულყოფილი გამოძიების, დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ახლო წარსულში სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, გაგვახსენა, რომ სააკაშვილის დროს ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართული იყო, რომ დანაშაულის დაფარვა მომხდარიყო.

აი, ასეთი „რეფორმატორი”, რეალურად კი დამნაშავე და საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული სააკაშვილი შეიკედლა ზელენსკიმ.

„შეკედლებული დამნაშავეები ყოველთვის აგებენ პასუხს ისტორიის წინაშე!”, – წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები