საჩხერის მუნიციპალიტეტში დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი – ბესარიონ სიმონიშვილი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – კემლინ ფურლე საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც დევნილებს შეხვდნენ.

როგორც “რეგიონულ კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ მოძვში მათ დარეჯან ნოზაძის 6-სულიანი ოჯახი მოინახულეს.

მათივე ცნობით, ბენეფიციარი შერჩეულ იქნა როგორც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახი, სოციალურად დაუცველი, 30 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით.

“სააგენტოს ხელმძღვანელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახს სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. ამასთან, დარეჯან ნოზაძეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს და რითაც დევნილებს ეძლევათ უფლება, ისარგებლონ და გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. ადგილობრივი ხელისუფლება კი ადგილზე პრობლემების მოგვარებაში გაუწევს დახმარებას.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ქალაქ საჩხერეში,  აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი ბამბის სართავი ფაბრიკის შენობაში  კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსაც შეხვდნენ. ბესარიონ სიმონიშვილმა მათ ქალაქად მცხოვრები დევნილების პროგრამებით სარგებლობისა და მთავრობის განკარგულებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

დევნილ ოჯახებთან შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი – პაატა კვიჟინაძე, მერი – ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – ლევან ივანაშვილი ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები