შალვა კიკნაველიძე: ხელისუფლება იქნება ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი და მეგობარი, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნის
“ხელისუფლება იქნება ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი და მეგობარი, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ს.ს. “საქკაბელში” სტუმრობისას განაცხადა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერეს და სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
უმრავლესობის დეპუტატმა საწარმოს ხელმძღვანელობას რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, მით უმეტეს, ისეთის, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.
“ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი იმ ბიზნესისა, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. 2012 წლიდან დღემდე, არაერთი საგრანტო პროგრამა ავამოქმედეთ სწორედ ქართული ბიზნესის წასახალისებლად და, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის პროდუქციის შესათავაზებლად. დღეს, როდესაც ვირუსის გამო, მსოფლიოში ბევრი რამ სამუდამოდ შეიცვალა, უაღრესად მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ არცერთი რესურსი, შევინაჩუნოთ ყველა სამუშაო ადგილი და კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ბიზნესის განვითარებას. ხელისუფლება იქნება ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი და მეგობარი, რომელიც ქვეყნაში სამუშაო ადგილებს ქმნის და ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას უწყობს ხელს”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.