მარინა ეზუგბაია: კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
„ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. გუშინ კლინიკა ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ჯამურად, ინფექციურს 79 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.
ამ 47 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. უკვე ერთი კვირაა, რაც ჩვენთან იმყოფება ეს პაციენტი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია იმიტომ, რომ ჟანგბადდამოკიდებულია, არაინვაზიურ ვენტილაციაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა როგორც ასაკის, ისე, თანარსებული დაავადებების გათვალისწინებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში, ჯერჯერობით, სტაბილიზაცია ვერ იქნა მიღებული. დაავადება მცირედ, მაგრამ როგორც კლინიკის, ისე ლაბორატორიული მონაცემებით, პროგრესირებს, ამიტომ დღესდღეობით პროგნოზირებაზე საუბარი შეუძლებელია.
დაგვრჩა ერთი პაციენტი მძიმე პნევმონიით, დანარჩენების მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ძირითადად, საშუალო და მსუბუქი პაციენტები გვყავს.
რაც შეეხება “პლაზმაფერენსს” – ეფექტურობაზეა დამოკიდებული, ვიმედოვნებთ, რომ ეფექტური იქნება და მძიმე, კრიტიკული პაციენტების მკურნალობაში დაგვეხმარება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.