თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში სამშენებლო სექტორმა სამუშაოები განაახლა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან – ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში მიმდინარე სახელმწიფო და საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
თორნიკე რიჟვაძე „ოცნების ქალაქში” მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
“შემსუბუქების ღონისძიებების ფარგლებში, დღეიდან ბათუმში მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვები და, რაც ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეიდან უკვე ამუშავდა სამშენებლო ობიექტები. „ოცნების ქალაქის” მშენებლობა ძალიან აქტიურად განახლდა. პრაქტიკულად, დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები. მიმდინარეობს შემდეგი ეტაპები. დარწმუნებული ვართ, რომ გრაფიკში არ იქნება არანაირი ჩამორჩენა. შესაბამისად, როგორც მოსახლეობას, ასევე აქ მაცხოვრებლებსა და მათ შვილებს დავპირდით, ეს პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და ყველა ერთად ავაშენებთ ოცნების ქალაქს”, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
დღესვე, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან ერთად, ქალაქში მიმდინარე კერძო საინვესტიციო პროექტის „ალიანს ფრივილიჯის” მშენებლობის პროცესიც მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში ოპერირებადი დეველოპერული კომპანიები გამოთქვამენ მზაობას, დაიცვან ყველა არსებული რეკომენდაცია და პროექტები დადგენილ ვადებში დაასრულონ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 მაისიდან ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა სამშენებლო სამუშაოებზე, სამშენებლო მასალების წარმოებასა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.