მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, ვიმსჯელოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებასა და არჩევნების ჩატარების გარანტიას
„მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად, რომლებიც კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებასა და არჩევნების ჩატარების გარანტიას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
შეკითხვაზე – თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პანდემიის საფრთხე სრულად არ იქნება აღმოფხვრილი, ხომ არ იგეგმება არჩევნების ჩატარების ალტერნატიული ვარიანტი, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ მმართველი გუნდი ნებისმიერ მოდელზე მსჯელობისთვის მზადაა.
„მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები. ასევე, მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და ამ მოკლე პერიოდში მოესწროს, მაგრამ დანარჩენი, რაც შეეხება რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელზე სამსჯელოდ მზად ვართ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.