პოლიციამ ცოლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ლატვიის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლატვიის მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული დ. გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

დანაშაულები თავისუფლების 3 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე, დ.გ. სისტემატურად მიდიოდა ო.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში და მასთან ამყარებდა ვერბალური კომუნიკაციას, რითაც იგი არღვევდა მეუღლის მიმართ მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები