ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში და ამის გამოვლინებაა ის განცხადებები, რაც პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით კეთდება
„რეალურად, როცა იყო საქმე გასაკეთებელი კონკრეტულად პარლამენტის მიერ იმ ფორმატებში, რა ფორმატებშიც უნდა მიეღო ოპოზიციას მონაწილეობა, მაშინ არიდებდნენ ისინი თავს მუშაობას და გამოცხადებული ჰქონდათ ბოიკოტი, ახლა, როდესაც აბსოლუტურად სხვა რეჟიმში უწევს პარლამენტს მუშაობა, მოინდომეს ბოიკოტიდან გასვლა, რაც მართლა ღიმილისმომგვრელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში, ოპოზიცია არცერთ დღეს ყოფილა კონცენტრირებული საქმეზე. მისივე თქმით, ეს არ იყო მათი ამოსავალი წერტილი და მთლიანად იყვნენ ორიენტირებულნი იმაზე, რომ პოლიტიკური ქულები დაეწერათ.
„ახლა ის ვითარებაა, როდესაც ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის საქმე, ამ პანდემიისა და ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და არავის აინტერესებს, დღეს ვინ დაიწერს პოლიტიკურ ქულებს, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიცია. ამ ვითარებაში, როდესაც ისინი არ არიან ორიენტირებულნი საქმეზე, არამედ ორიენტირებულნი არიან მხოლოდ ქულების დაწერაზე, ისინი აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში და ამის გამოვლინებაა ის განცხადებები, რომლებიც კეთდება პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე განმარტებები გააკეთა, ასევე, პარლამენტების მუშაობის პრაქტიკასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის დროს.
„საერთაშორისო პრაქტიკას რომ გადავხედოთ, ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ მუშაობს პარლამენტი დემოკრატიულ სივრცეში საგანგებო მდგომარეობის დროს. ასეთ დროს პარლამენტს უწევს საგანგებო რეჟომში გადასვლა, რაც ნიშნავს, რომ უკიდურესად შეზღუდულ რეჟომში ტარდება პლენარული და საკომიტეტო სხდომები, ასეთი არის პრაქტიკა დემოკრატიულ სივრცეში და ასეთი პრაქტიკით უწევს მუშაობა პარლამენტსაც. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი უსაფუძვლო კრიტიკა. პარლამენტი მუშაობს ზუსტად იმ პრაქტიკის შესაბამისად, რა პრაქტიკაც არის ჩამოყალიბებული დემოკრატიულ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობის დროს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.