თეა მიგინეიშვილი: “ცხელების ცენტრში” ექვსი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი
“ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ ცხელების ცენტრში ექვსი პაციენტია მოთავსებული, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია და მათ ცხელება აღენიშნებათ”, – აღნიშნულის შესახებ ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისათვის უკვე გაგზავნილია.
“ჩვენს კლინიკაში პაციენტები შემოდიან მხოლოდ და მხოლოდ ცხელებით. ამჟამად, კლინიკის „ცხელების ცენტრში“ გვყავს ექვსი პაციენტი. მათი ბიოლოგიური მასალა შემდგომი კვლევისათვის გაგზავნილია ლაბორატორიაში. პასუხებს ველოდებით. რაც შეეხება მდგომარეობას – არის თუ არა საეჭვო, ამაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ, რადგან ისინი შემოყვანილ არიან მხოლოდ ცხელების სიმპტომებით“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში, ამ დროისთვის, 142 პირი იმყოფება, ხოლო 174 პირი თვითიზოლაციაშია. მათივე ცნობით, თვითიზოლაცია მოეხსნა 889 მოქალაქეს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის ოთხი პირი დაჯარიმდა – თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის ერთი, ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის კი, სამი ადამიანი.