თამაზ ნავერიანი: ხალხს რეალური დახმარება სჭირდება და არა – მტრული განწყობის ჩამოყალიბება

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თამაზ ნავერიანი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, ხალხს რეალური დახმარება სჭირდება და არა ‘ მტრული განწყობის ჩამოყალიბება.

“მივმართავ ყველა მარნეულელსა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ვხედავ, ბევრი ადამიანი ცდილობს ამ პანდემიის პერიოდში სიტუაციის დაძაბვას. არაერთხელ გაიჟღერა მარნეულისა თუ ბოლნისის მისამართით აგრესიულმა, პროვოკაციულმა გამონათქვამებმა, რომლითაც მაშინვე სარგებლობენ ანტისახელმწიფოებრივი ძალები და ხალხში ავრცელებენ.

აშკარად ჩანს, რომ ჩასაფრებული ელოდებიან და ელვის სისწრაფით თარგმან-სქრინებით სდებენ რეგიონს ნებისმიერ არასწორ და არაეთიკურ პოსტს. ამით გარკვეული ძალები ხელს უწყობენ ჩვენს მოქალაქეებს შორის მტრული დამოკიდებულების და დაპირისპირების გაჩენას. მე, როგორც მარნეულის დეპუტატი, მოვითხოვ, შეეშვათ პოლიტიკურ იარაღად ხალხის გამოყენებას და თუ ვინმე თავის პირად გვერდზე გამოხატავს არასწორ დამოკიდებულებას, მოიქცევა არაეთიკურად, ეს არაა ხელისუფლების პოზიცია. ხელისუფლება დგას ყველა ჩვენგანის გვერდით, განურჩევლად რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის თუ პოლიტიკური შეხედულებისა და გარწმუნებთ, რომ არავინ დარჩება პასუხგაუცემელი, ვინც ხალხის შეურაცხყოფას ეცდება.

მივმართავ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ახლა აფრიალებთ გადათარგმნილ სქრინებს და ავრცელებთ მავნებლური მიზნებით, შეეშვით ჩვენს მოქალაქეებს, ნუ ცდილობთ ყველაფრისგან ხმაურის ატეხას.

უამრავი თემაა ახლა მოსაგვარებელი რეგიონში, რადგან კარანტინის რეჟიმია და ხალხს რეალური დახმარება სჭირდება, განა მტრული განწყობის ჩამოყალიბება და საკუთარი სახელმწიფოსგან გაუცხოება”, – აღნიშნავს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები