კარლ ჰარცელი: ვირუსზე სწრაფად დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ, წლევანდელი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
“დღეს, Covid-19-თან “ომის“ უპრეცედენტო პირობებში, ვირუსზე სწრაფად დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ, წლევანდელი 3 მაისის – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს”,- ამის შესახებ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, თავისუფალ და ღია საზოგადოებაში მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
,,დღეს, Covid-19-თან “ომის“ უპრეცედენტო პირობებში, ვირუსზე სწრაფად დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ, წლევანდელი 3 მაისის – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დღეს, ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე. მჯერა, რომ ყურადღებით გააგრძელებენ საქმიანობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. თავისუფალ და ღია საზოგადოებაში მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მიმდინარე წლის თემა – ,,ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“, კარგად ასახავს ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს. იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, ცილისწამებისა თუ საქმიანობაში ჩარევის პირობებში, რომელსაც თავისუფალი მედია განიცდის მთელს მსოფლიოში, ევროკავშირი არის და იქნება თავისუფალი მედიის მოკავშირე, დამცველი და მხარდამჭერი”,- აცხადებს ჰარცელი.