“ეს ადამიანები თვალითაც არ მინახავს, სიხარულისგან გავოგნდი”-  Natlismtsemeli Ph სტამბა ახალგაზრდა მეღვინეს უანგაროდ დაეხმარა

“ეზოში ახალ ვაზს ვრგავდი, ვიღაცამ დამიძახა, მუშაობას თავი დავანებე და გავედი. ჭიშკართან საქართველოს ფოსტის კურიერი დამხვდა, რომელმაც ჩემი ღვინის ბიზნესისთვის საჭირო ეტიკეტები საჩუქრად  გადმომცა“, – უყვება “რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმე, მეღვინე მირანდა ჩხეტიანი, რომლის მიერ წარმოებული “ტვიშის ცოლიკაური“ კარგა ხანია, საქართველოს ფარგლებს გასცდა და ჰააგის გამოფენაზეც კი წარადგინეს.

ახალგაზრდა მეწარმის ისტორია კი ასე დაიწყო. მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მისგან გამოწვეული პრობლემები მირანდასაც შეეხო, თუმცა  საკუთარ ვენახში ფუსფუსი და სასოფლო-სამეურნეო  წარმოება არცერთი წუთით შეუწყვეტია.

“ფერმერთა ასოციაცია ახალგაზრდა მეწარმეებთან ონლაინშეხვედრებს ძალიან ხშირად მართავს, სულ მალე ონლაინ „ღვინის ფესტივალია“ დაგეგმილი. მეც აქტიურად ვმონაწილეობ ამ პროცესებში, ჩემი პროდუქცია მინდა, წარვადგინო. ეტიკეტების პრობლემა დამიდგა, შარშანდელი უკვე გამომელია, ახალს კი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვეღარსად ვბეჭდავდი”, – ამბობს მირანდა ჩხეტიანი.

მისი თქმით, ერთ დღეს სოციალურ ქსელში თბილისიდან, კერძოდ, Natlismtsemeli Ph სტამბიდან დაუკავშირდნენ და უანგარო დახმარება – ეტიკეტების უფასო დაბეჭდვა შესთავაზეს.

“ეს ადამიანები თვალითაც არ მინახავს, არც ამ წუთას ვიცნობ. სადღაც უნახავთ, რომ ღვინოს ვაწარმოებ, დიზაინზე შემითანხმდნენ, დამპირდნენ, 120 ცალს დაგიმზადებთ და მოგაწვდითო.  უნდობლობის საბაბი არ მქონდა, მაგრამ ასე მალეც არ ველოდი. დღეს ეზოში ახალ ვენახს ვაშენებდი, ჭიშკართან გასულს საქართველოს ფოსტის კურიერი ეტიკეტებს მაწვდის, სიხარულისგან გავოგნდი, ძალიან მჭირდებოდა, კვირას ონლაინ “ღვინის ფესტივალია“ და, რომ იტყვიან, სულზე მომისწრო. მადლობა Natlismtsemeli Ph სტამბის მიშას, სახელის მეტი არც არაფერი ვიცი, საქართველოს ფოსტის მისამართით მინდა, განსაკუთრებული  მადლიერება გამოვხატო. ფოსტის მომსახურეობის ანაზღაურებაც კი არ გადამახდევინეს“, – გვიყვება ახალგაზრდა მეღვინე.

უცნობი ადამიანების ქველმოქმედების დახმარებით, კვირას გამართულ ონლაინ “ღვინის ფესტივალზე“ ახალგაზრდა მეღვინე – მირანდა ჩხეტიანი თამამად წარდგება.

 მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები