“პროგრესის სახლმა” ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს კომპიუტერი შეუძინა
ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა, “პროგრესის სახლმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას კომპიუტერის არქონის გამო ვერ ახერხებდნენ, პერსონალური კომპიუტერი შეუძინა.
“პროგრესის სახლის” წარმომადგენლის თქმით, აქციის მიზანი თანასწორი გარემოს ხელშეწყობა და ბავშვებისთვის ონლაინგაკვეთილებში ჩართვის შესაძლებლობის მიცემა იყო.
“გურიაში ბევრი ბავშვია დარჩენილი ონლაინგაკვეთილების მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სატელევიზიო სკოლა, საკუთარი მასწავლებლისგან მიღებული დავალება, საკუთარ კლასთან ერთად გაკვეთილში ჩართვა ბევრად უფრო სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა. ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია უკუკავშირის საშუალებაც, რომელიც ონლაინჩართვის დროს არის შესაძლებელი. ჩვენ კომპიუტერი ვაჩუქეთ ერთ ოჯახში მცხოვრებ ორ ბავშვს, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ ონლაინგაკვეთილებს”, – განაცხადა “პროგრესის სახლის” წარმომადგენელმა, ნათია ვაშალომიძემ.
მისივე თქმით, “პროგრესის სახლი”, ასევე, პასუხისმგებლობას იღებს, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამულად უზრუნველყოს ყველა კომპიუტერი, რომელიც ბავშვებისთვის იქნება შეძენილი.