ეპარქია: ინციდენტი არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა, ზოგიერთი ჟურნალისტი ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა
რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. ეპარქია ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი, რომელზეც ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა.
„უკანასკნელ ხანს საინფორმაციო საშუალებებით – ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია რუის–ურბნისის ეპარქიის შესახებ, რომ, თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა მონასტრის „წინამძღვარმა“, დავით „აქიაშვილმა“.
ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართო აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს ყოფილა და არც დღეისათვის არის ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არამედ იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა, აგრეთვე, ის, რომ იღუმენი დავითი გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი, როგორც მას იხსენიებენ.
რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება – იგი არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა.
სამწუხაროა, რომ დღეს ზოგიერთი ჟურნალისტი არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა“, – წერია განცხადებაში.