საქართველოს პროკურატურაში ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თემაზე მენტორინგის პროგრამა დაიწყო

საქართველოს პროკურატურაში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თემაზე მენტორინგის პროგრამა დაიწყო, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა.

როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, პროგრამის დანერგვას წინ უძღოდა მენტორინგის სახელმძღვანელოს შექმნა და აღნიშნულ თემაზე განხორციელებული ტრენერთა ტრენინგი ბუდაპეშტში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა).

“სწავლება ერთობლივი ფორმატის იყო და მასში ჩართული იყვნენ მოსამართლეები და პროკურორები. ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა პროკურატურის 2 წარმომადგენელი – გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი – სალომე შენგელია და თბილისის პროკურატურის პროკურორი – ანა კალანდაძე. სწორედ ისინი გაუწევენ მენტორობას ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის კუთხით სპეციალიზებულ 6 პროკურორს, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ საპროცესო ზედამხედველობას აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე და აქვთ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება. აგრეთვე, გავლილი აქვთ ევროპის საბჭოს HELP-ის სასწავლო კურსი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის თემაზე.

მენტორინგის პროგრამა გაგრძელდება 8 თვის მანძილზე და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების განხორციელება, ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის ბარიერების იდენტიფიცირება, ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებში, საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება ეროვნულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში, გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირება და სხვა,”- აცხადებენ პროკურატურაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები