ქობულეთში საკარანტინე ზონის სოფლებისთვის პურის ფქვილისა და ქატოს მარაგი შეიტანეს
ქობულეთში არსებული საკარანტინე ზონის სოფლებისთვის პურის ფქვილისა და ქატოს მარაგი შეიტანეს. ასევე, „მოძრავი ბაზრის“ აქციის ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სარეალიზაციოდ სასუქი და შხამ-ქიმიკატების რეალიზაცია მოხდა.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, პროდუქციის ღირებულება სხვა საბითუმო საწყობების მსგავსია, მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებში.
მისივე თქმით, საკარანტინე ზონის სოფლებში, ამ დროისათვის, საკვები პროდუქტის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელის დეფიციტი არ არსებობს.
“მოსახლეობის მოთხოვნილება, სასურსათე პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით იყო გამოკვეთილი, სწორედ ამიტომაც იყო მიღებული თავის დროზე გადაწყვეტილება, რომ აქ წარმოდგენილიყო მოძრავი ბაზარი სხვადასხვა პროდუქციის ასორტიმენტით. ამ ეტაპზე, არ არის რაიმე გამოკვეთილი ხასიათის პრობლემა. შესაბამისად, მოსახლეობა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ შეიძინოს პირველადი პროდუქტები, ამას ახერხებს. ვაგრძელებთ მუშაობას მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე და ვგეგმავთ სხვა ღონისძიებების განხორციელებას“,ბ- განაცხადა მირიან ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფლებში ინფიცირებულის კონტაქტების ფართო წრე დაფიქსირდა.