ყინწვისში სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ მამაოს პატიმრობა შეეფარდა
განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს მამა დავით კობაიძეს, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი დისტანციურად ჩატარდა და მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა მორიგი სხდომა 22 ივნისს ჩანიშნა.
დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, მისი დაცვისქვეშ მყოფის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და კონფლიქტს სასულიერო პირებთან გამორიცხავს.
“არცერთი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მამა დავითის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. არცერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება, რომ რაიმე ფორმით მამა დავითს კონფლიქტი ჰქონოდა სასულიერო პირებთან, მით უმეტეს, მამა საბასთან.
თავად მამა საბას აქვს აღნიშნული, რომ იგი სამედიცინო ექსპერტიზას არ საჭიროებს, ვინაიდან თავს ძალიან კარგად გრძნობს. საქმეში დევს მამა საბას ჩვენება, სადაც ის აცხადებს, რომ მამა დავითთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია და შესაბამისად, ვერ ექნებოდა იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არიან განმსჭვალულნი”, – აცხადებს ადვოკატი.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობდა, განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.