რუსთავის მერიამ შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები გადასცა
რუსთავის მერიამ ქალაქის შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები გადასცა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, რუსთავის მუნიციპალიტეტისა და შშმ პირთა დღის ცენტრის თანამშრომლებმა სასურსათო პაკეტები 72 აღსაზრდელს დღეს სახლში მიუტანეს. რუსთავის შშმ პირთა ცენტრის ბენეფიციარებს კოგნიტური და მოტორული უნარების განვითარებაში სერტიფიცირებული პედაგოგები ეხმარებიან. ცენტრის პედაგოგებმა, სპეციალური ტრენინგები 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე რუსთავის მერიის დაფინანსებით გაიარეს.
“დღეს ჩვენი ცენტრის ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები გავუგზავნეთ. აღსანიშნავია, რომ აქ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეცპედაგოგები ეხმარებიან ბავშვებს საჭირო უნარების განვითარებაში. მათ გავლილი აქვთ საჭირო ტრენინგები. პედაგოგების გადამზადების პროგრამაზე მუნიციპალიტეტმა გასულ წელს იზრუნა. მისასალმებელია, რომ დღეს არსებულ სიტუაციაშიც ცენტრმა მუშაობა არ შეწყვიტა და ონლაინსწავლების მეთოდით აწვდის აღსაზრდელებს იმ სერვისს, რაც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განვითარებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის შშმ პირთა ცენტრს მუშაობა პანდემიის პირობებშიც არ შეუჩერებია და, რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბენეფიციართათვის ონლაინ მომსახურების რეჟიმზეა გადასული.
“აპრილის დასაწყისიდან ცენტრის აღსაზრდელები მათთვის აუცილებელ სერვისებს ონლაინსწავლების მეთოდით იღებენ. რუსთავის ა (ა) იპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს, ქალაქის მერია აფინანსებს. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთანაც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.