„სოციალ-დემოკრატები“: აუცილებელია, მაღალ შემოსავლებზე გადასახადები გაიზარდოს
პარტია „სოციალ-დემოკრატები“ 750 ლარამდე შემოსავლის გადასახადისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება. ამასთან, როგორც პარტიაში აცხადებენ, აუცილებელია მაღალ შემოსავლებზე გადასახადები გაიზარდოს.
„მთავრობის მიერ ფიზიკური პირების 750 ლარამდე შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (ასევე 1500 ლარამდე შემოსავლის 750 ლარიანი წილის 20% საშემოსავლოსგან) წარმოადგენს ე.წ. პროგრესული დაბეგვრის შემოღებას. ჩვენ მივესალმებით ამ ღონისძიებას და არა იმიტომ, რომ წლების მანძილზე ვცდილობთ საჯარო პროპაგანდას და კანონპროექტების ინიცირების მეშვეობით ამ პრინციპის დამკვირდრებას საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სამართლიანი და ამავე დროს ეფექტური მექანიზმი საზოგადოების სტაბილურობისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახით ამ პრინციპის შემოღებას აუცილებლად ექნება უარყოფით ეფექტები – შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, რომლებიც უნდა მიემართებოდეს ჯანდავას, უმუშევრობის დახმარებას და სხვა სოციალურ მიზნებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადასახადები გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე (ხელფასი, მოგება, დივიდენდი და ა.შ), თუნდაც 5,000 ლარის ზემოთ სახელფასო შემოსავლებზე. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ბიუჯეტის გარეშე ვერ იარსებებს სოციალური დაცვის ეფექტური სისტემა.
ამის მიუხედავად, ეს განხორციელებული ნაბიჯი მისასალმებელია. ეს არის მცირე შემოსავლების ნაკლებად დაბეგვრა უფრო მაღალ შემოსავლიანებთან შედარებით.
როგორ შეიძლება შეიცვალოს მცირეშემოსავლიანი ადამიანების ხელზე ასაღები თანხა:
ა) თუ იგივე დარჩათ დარიცხული შემოსავალი, ხელზე ასაღები თანხა გაეზრდებათ (მაგ. დღეს თუ აქვთ დარიცხული ხელფასი 750 ლარი, ხელზე იღებენ 600 ლარს, ხოლო 150 ლარს გადასახადის სახით იხდიან ბიუჯეტში. ახალი წესით, თუ დარიცხული ხელფასი აქვთ 750 ლარი, ხელზე აიღებენ 750 ლარს.)
ბ) თუ შეუმცირდათ დარიცხული შემოსავალი (დამსაქმებელთან შეთანხმებით) იმ თანხის ოდენობით, რა თანხასაც ამ დრომდე იხდიდნენ ბიუჯეტში, ხელზე აიღებენ იგივე თანხას, რასაც იღებენ დღეს – თუ დარიცხული 750 ლარი შეუმცირდათ 600 ლარამდე – ხელზე აიღებენ 600 ლარს.
რაც შეეხება დამქირავებელს, პირველ შემთხვევაში, სარგებლის თვალსაზრისით, ის ინარჩუნებს სტატუს-კვოს (ბიუჯეტს კი აკლდება შემოსავალი). მეორე შემთხვევაში დამსაქმებელ კომპანიას უმცირდება ხარჯები. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იძულებით, კომპანიის შემოსავლების შემცირებიდან გამომდინარე (ეს უკვე ბევრ კომპანიაში მოხდა, საერთო მოთხოვნის შემცირების გამო), ასევე კომპანიის მისწრაფებით, შეამციროს ხარჯები მოგების გაზრდის მიზნით. ამ უკანასკნელისკენ კერძო კომპანიები ისედაც მიდრეკილნი არიან და რამდენადაც ეს შეუძლიათ და გამოსდით, აკეთებენ კიდეც ამას. აქ წამოიჭრება კერძო კომპანიების ეფექტური ფუნქციონირებისა და დამქირავებელ – დაქირავებულის ურთიერთობის ბევრი საკითხი. სუსტი სოციალური დიალოგის პირობებში, ამ საკითხების გადაწყვეტა, დასაქმებულების გააქტიურებასთან ერთად, საჭიროებს სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას და მხარეების ჩართვას კონსტრუქციულ დიალოგში.
ეს ცალკე თემაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამქირავებლის და დაქირავებულის ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას, სიღრმისეულ განხილვას და სამართლიან, ობიექტურ, პროგრესულ და პერსპექტიულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. აუცილებელია ამ საკითხების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგში პირველ პლანზე წამოწევა და ფართო საზოგადოების (ყველა დაინტერესებული მხარის) მონაწილეობით განხილვა. დღეს მიმდინარე რადიკალური ცვლილებები თავისთავად ახდენს საკითხის აქტუალიზებას.
ვიმეორებთ: გადასახადების შემცირება დაბალ შემოსავლებზე, უმუშევრობის დახმარებასთან და სხვა ნაბიჯებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოლიდარული და ეფექტური ეკონომიკისკენ, და არა მხოლოდ კრიზისის პერიოდისთვის, არამედ საზოგადოდ. ჩვენ ვიცით, რომ ამ პრინციპების გაფართოება და მყარად დამკვიდრება თავისით, საზოგადეობრივი ჩართულობის და პოლიტიკური ბრძოლის გარეშე, არ მოხდება. ამიტომ ყველას, ვინც ამ პრინციპებს იზიარებს, მოვუწოდებთ, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ უშედეგო კრიტიკით და ჩავერთოთ მიმდინარე პროცესებში. ამ პრინციპების გაფართოება ჩვენ გვესაჭიროება დიდი ცვლილებებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ადგილი, სადაც კეთილდღეობა გაზიარებულია ყველასთვის და არა ერთეულებისთვის, როგორც ეს აქამდე იყო და არის“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.