ბაღდათში 300 შეჭირვებულ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა 300 შეჭირვებულ ოჯახს საკვები პროდუქტები სახლში მიუტანეს. ბაღდათის მერის თქმით, მსგავსი სოციალური აქციები მუნიციპალიტეტის მასშატაბით აქამდეც ხორციელდებოდა და ჯამში ამ დროისთვის 1500-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო დახმარება.
“ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკვე 1500-ზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება, იმის მერე რაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ 1500 ოჯახიდან ნაწილი არის შემოწირულობები იმ ფონდში, რომელიც გაკეთდა უშუალოდ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ბაღდათელს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ აქციაში და შემოწირულობის სახით შემოიტანა თანხები. 30 000 ლარამდე მოგროვდა შემოწირულობებით,რომელიც უკვე უმეტესობა დარიგებულია და დღესაც გრძელდება პროდუქტების დარიგება. ასევე რამდენიმე კერძო პირმა თავიანთი ინიციატივით მოახდინეს ოჯახების დახმარება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ.
გოგსაძის თქმით, დახმარება გაეწია საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსაც, რომლებისთვისაც გაკეთდა კვების კალათა.
“საბავშვო ბაღის ყველა მოსწავლისათვის გაკეთდა კვების კალათა, რომელიც გადაეცათ მიმდინარე თვეს და მომავალ თვეს ეს ისევ გაგრძელდება. დღეს უკვე მუნიციპალიტეტის დახმარებით დავიწყეთ პროდუქტების დარიგება სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის. რაც სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. კიდევ 300 ოჯახის დახმარება იგეგმება”, – განაცხადა არჩილ გოგსაძემ.
“ნამდვილად საჭირო იყო ეს დახმარება,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბაღდათის მერიას,საკვები პროდუქტი მოგვიტანეს,მადლობელი ვარ რომ უძღვებიან ასეთ პროგრამას”, – ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი ლელა კოხოძე.