“სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა
კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ძირითადი საკვები პროდუქტებით დახმარებოდა იმ ოჯახებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით შეეხოთ.
საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამურად, 1000 ოჯახს გადაეცემა. ბენეფიციარების სია ყველა რეგიონში ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმდა. “სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მაჰირ მამედოვი საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაემგზავრა და კომპანიის მიერ გამოყოფილი დახმარება ჩაიტანა.
„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა კომპანიის მიერ გამოყოფილი საკვები პროდუქტები ქალაქ რუსთავში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს გადასცა.
„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხრიდან ანალოგიური დახმარება გაეწიათ შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც.
27 აპრილს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები შიდა ქართლისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულებს გადასცა. რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს კომპანიის მიერ მიწოდებულ საკვებ პროდუქტებს ადგილობრივი მთავრობა დაურიგებს. ჯამურად, სურსათის ღირებულება 100 000 ლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მოსახლეობის მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიამ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა. გარდა ამისა, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ზრუნავს კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზეც. მათი დიდი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, კომპანიის ობიექტებზე კი დაცულია საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ყველა ნორმა.