ლევან დავითაშვილი: საქართველოში პურის ფასები შენარჩუნებულია, ასევე, ხორბლის მარაგების არსებობაზე ქვეყანაში კითხვის ნიშანი არ დასმულა

“საქართველოში პურის ფასები არის გაკონტროლებული, შენარჩუნებული და ამაზე ქმედითი მექანიზმები მუშაობს, რათა მოსახლეობას სოციალური კუთხით ეს დამატებით ტვირთად არ დააწვეს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ფიზიკურად ხორბლის მარაგების არსებობაზე კითხვის ნიშანი არ დასმულა.

„საქართველოში პურის ფასები არის გაკონტროლებული, შენარჩუნებული და ამაზე ქმედითი მექანიზმები მუშაობს, რათა მოსახლეობას სოციალური კუთხით ეს დამატებით ტვირთად არ დააწვეს. ასევე, ფიზიკურად ხორბლის მარაგების არსებობის კითხვის ნიშანი არ დასმულა ამ ქვეყანაში, რადგან სამინისტრო აკეთებს რუტინულ მონიტორინგს, ატარებს ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც აუცილებელია ქვეყანაში არსებული მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად. თუმცა ჩვენ განვაცხადეთ არაერთხელ, რომ დამატებითი ინსტრუმენტები შემოვიღეთ, რათა იმპორტიორებისთვის მიგვეცა საშუალება, ჰქონოდათ უფრო იაფფასიანი ფულადი რესურსები, რათა ჰქონდეთ მეტი მარაგები, ექსტრამარაგები იმისთვის, რომ კრიზისული სიტუაცია, რთული ვითარება, რომელიც მსოფლიოში „კოვიდით“ არის გამოწვეული, გადავიტანოთ შეფერხების გარეშე და მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა, მომარაგება იყოს შეუფერხებელი.

„კითხვები იყო, თუ რამდენად რისკს შეიცავს გადაწყვეტილება, ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის, საერთაშორისო მედიაში გავრცელდა მსოფლიოში ნომერ პირველი ხორბლის ექსპორტიორის მიერ ამოქმედებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომ მათ მიერ გამოყოფილი კვოტა, რომელიც 7 მილიონ ტონას განსაზღვრავდა მარცვლეულ კულტურებზე, ფაქტობრივად, ამოწურულია და, შესაბამისად, პირველ ივნისამდე მათ ექნებათ შეზღუდვები ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტთან დაკავშირებით. აქ მკაფიოდ უნდა ითქვას, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა, მომარაგება იყოს შეუფერხებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები