ნათია თურნავა: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესს თანამშრომლობისთვის
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესს თანამშრომლობისთვის, ვინც მოთმინებით ელოდა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შეზღუდვებს, რაც ისევ და ისევ ადამიანებზე და ბიზნესზე ზრუნვიდან გამომდინარე დავაწესეთ, ვინაიდან უსაფრთხოება, ჯანმრთელობა არის აუცილებელი წინაპირობა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, დღეს პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ასევე, მოიცავდა ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნის გეგმას, რაც ის საჭირბოროტო საკითხია, რომელიც ბევრ ბიზნესს აწუხებდა.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი გეგმა ადამიანების ზრუნვაზეა აგებული. პირველ ეტაპზე დაუყოვნებლივ იხსენება ის დარგები, რომლებიც ყველაზე მეტად არის საჭირო ადამიანებისთვის. მაგლითად შემდეგი კვირიდან, როგორც პრემიერმა ბრძანა, განახლდება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, ტაქსების ოპერირება, სრულად აღდგება ონლაინვაჭრობა – საბითუმო და საცალო ნაწილში და მიტანის მომსახურება, რაც ისევ და ისევ ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი ყოფა იყოს უფრო მარტივი, ასევე განახლდება აგრარული ბაზრების მუშაობა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით, ეკონომიკის ამოქმედების, ე.წ. ლოკაუტის გეგმა სამართლიანია და ეტაპობრივად იხსნება ცალკეული დარგები და არა კომპანიები.
„გეგმა აგებულია დარგების ამოაქმედებაზე და არა – ცალკეული კომპანიების ამოქმედებაზე იმიტომ, რომ ვიცით ცალკეული კომპანიების ამოქმედება აღიქმება ნეგატიურად, რადგან შეიძლება, არასამართლიანი კონკურენციის ნიშან-თვისებები ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, დარგობრივ ლოგიკაზე ავაგეთ და არა – კომპანიების ლოგიკაზე”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, როგორც პრემიერმინისტრმაც ბრძანა, ყველა უნდა გადავეწყოთ საქმიანობს ახალ წესებზე, ბიზნესს ეს უკვე გათავისებული აქვს და აუცილებელი წინაპირობა ბიზნესის ამოქმედების არის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
„ორი კვირის განმავლობაში გადავამოწმეთ 400-ზე მეტი ბიზნესი. ძალიან კარგია, რომ მათი დაახლოებით ორი მესამედი სწრაფად გადაეწყო და იცავს ყველა აუცილებელ გაიდლაინს, რომ უსაფრთხო პირობებში ჰყავდეთ როგორც თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. თუმცა, არიან კომპანიები, ვინც წესებს არ იცავს და ვერ მოემზადა. ასეთი კომპანიები, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებენ და სრულყოფილად უნდა მოემზადონ შემოწმებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართოს. დღეში დაახლოები 100 კომპანიას ვამოწმებთ მთლიანობაში. აქედან გამომდინარე, ყველა ბიზნესმა უნდა უპასუსოხ ამ მარტივ წესებს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.