თერჯოლის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ადგილობრივები აქტიურად ახორციელებენ. სოფელში არსებულ ვითარებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი ადგილზე გაეცნენ.

“ახლა პერიოდია ისეთი, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქ აქვთ მიწები დასამუშავებელი და, ასევე, სოფლის მოსაზღვრე ადგილებზეც გვინდა გავიყვანოთ და იქაც გავაკეთებინოთ შესაბამისი სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სანამ საკარანტინე ზონად იქნება სოფელი გამოცხადებული  ბოლომდე გვერდით დავუდგებით ყველა მოქალაქეს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

“სასოფლო სამუშაოები, ჯერჯერობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის, რომ სამუშაოები არ შეფერხდეს. პრობლემის შემთვევაში, ვეცდებით, რომ აღმოვფხვრათ ეს პრობლემები. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს”, – აღნიშნა თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა.

სოფელში მარაგის სახით რამდენიმე ტონა პურის ფქვილი, შაქარი და  პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტები შეიტანეს.

შეგახსენებთ, სოფელი ღვანკითი 24 საათზე მეტია, ჩაკეტილია. მუნიციპალიტეტში ინფიცირების 12- მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები