პოლიციამ ზუგდიდში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ზუგდიდში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
„დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ზ.ძ.-ს ბასრი საგნით კისრისა და მკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა.
დაშავებული მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.