ლეჩხუმელმა ემიგრანტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, საკუთარი დანაზოგი გაჭირვებულ ოჯახებს გაუნაწილა
ლეჩხუმელმა ემიგრანტმა ქალმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ცაგერში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს საკუთრი დანაზოგი გაუნაწილა.
როგორც “რეგიონულ კვირასთან “ საუბრისას ემიგრანტი ამბობს, ის უკვე წლებია, სამუშაოდ იტალიაში იმყოფება.
“არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ამ სიტუაციაში დაეხმარო იმას, ვისაც ძალიან უჭირს. ჩემი ვინაობა არ გაასაჯაროოთ, რა მოსატანია ჩემი მოკრძალებული თანხა მაშინ, როცა გულისხმიერი ადამიანები ერთმანეთს ბინებს ჩუქნიან“, – განაცხადა ქალმა.
თანხა, ემიგრანტი ქალის ახლობლების დახმარებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს უკვე გადაეცა.
ქრისტინე ბენდელიანი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც აღნიშნული დახმარება გაეწია. ის ქვედა ცაგერში ცხოვრობს და ორი მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა მხოლოდ სოციალური დახმარების თანხით უწევს. მისი თქმით, ემიგრანტი ქალის მიერ გამოგზავნილი თანხა ძალიან წაადგება, რადგან, საკვების გარდა, მას მედიკამენტები და სხვა პირველადი მოხმარების ნივთებიც სჭირდება.
“ეს ჩემთვის მოულოდნელი სიხარულია, რომ არ ელოდები და ღმერთი და ადამიანი მშველელად უცებ გამოგიჩნდება. სიხარულისგან მეტირება. ადამიანი, რომელიც საკუთარი საჭიროებისთვის სხვაგანაა გადახვეწილი, ჩვენთვის იმეტებს დანაზოგ ფულს. მადლობა მას ჩემგან და ჩემი შვილებისგან“, – განაცხადა ქრისტინე ბენდელიანმა.
მარინე სვანიძე