მაიკ პომპეომ ჩინეთს ყველა იმ ბაზრის დახურვისკენ მოუწოდა, სადაც ველური ცხოველების ხორცი იყიდება – პეკინში ვაშინგტონს უპასუხეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩინეთს სამუდამოდ ყველა იმ ბაზრის დახურვისკენ მოუწოდა, სადაც ველური ცხოველების ხორცი იყიდება, რადგან ასეთი ბაზრები ზოონოზური დაავადებების გავრცელებასთან არიან კავშირში.
“ბაზრებზე ველური ცხოველების ხორცის უკანონო გაყიდვასა და ზოონოზურ დაავადებებს შორის კავშირის გათვალისწინებით, შეერთებული შტატები ჩინეთს მოუწოდებს მსგავსი ბაზრები სამუდამოდ დახუროს”, – ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.
სახელმწიფო მდივნის მოწოდებას ჩინეთში უპასუხეს.
როგორც ბრიფინგზე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენ შუანმა განაცხადა, ქვეყანაში არ არსებობს “სველი ბაზრები”, სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობენ.
“პირველ ყოვლისა, მსურსზ გავნმარტო, რომ ჩინეთში არ არსებობს ეგრეთ წოდებული “სველი ბაზრები”, სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობენ. მათ მაგივრად ჩინეთში ყველაზე ხშირად შეიძლება შეხვდეთ ფერმერულ და ზღვისპროდუქტების ბაზრებს, სადაც ახალი ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ზღვისპროდუქტები და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები იყიდება. ბაზრები კი, სადაც ცოცხალ შინაურ ფრინველს ყიდიან – ძალიან ცოტაა”, – აღნიშნა დიპლომატმა.
მისი თქმით, ჩინეთის მსგავსი ბაზრები არსებობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც და ისინი ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებასთან არიან მჭიდრო კავშირში.