3200 გაუქმებული რეისი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რეისების აღდგენის ვადის განსაზღვრა უჭირთ
“დაახლოებით, 3200 რეისი არის გაუქმებული თებერვლიდან აპრილის ბოლომდე. ანუ ეს არის, შესაბამისად, ვერმიღებული შემოსავალი და ტურისტი”, – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე – “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”.
ლევან კარანაძის ინფორმაციით, საქართველოში, თებერვლის მდგომარეობით, 33 ავიაკომპანია 69 მიმართულებით ოპერირებდა. ასევე, 3 სატვირთო კომპანია 3 რეგულარული მიმართულებით.
მისი თქმით, ახლა ეს მონაცემები განულებულია, გარდა სატვირთო რეისებისა.
რაც შეეხება რეისების აღდგენას – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილებები ქვეყნებმა კოორდინებულად უნდა მიიღონ.