გურიაში პესტიციდებისა და საწამლი საშუალებების მაღაზიების ფუნქციონირება შეუფერხებლად მიმდინარეობს
რეგულაციები, რომელიც სასოფლო – სამეურნეო მიზნებისთვის გარკვეულ საათებში ავტომობილების დაშვებას გულისხმობს, გურიის რეგიონშიც ამოქმედდა. რეგიონალურ შტაბებთან შეთანხმებით გლეხს, რომელსაც საყანე ფართობების დამუშავება სჭირდება, საშუალება ექნება, დილით 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდეს და საღამოს 18:00-დან 19:00-მდე დაბრუნდეს.
ასევე, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, სოფლის რწმუნებულები და საკრებულოს მაჟორიტარები მოემსახურებიან.
გურიის რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს პესტიციდებისა და საწამლი საშუალებების მაღაზიების ფუნქციონირებაც. გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია მაღაზიის მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო.
“აგროვადების დაცვისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროულად წარმოების მიზნით, ფერმერებისთვის დაწესდა გარკვეული შეღავათები გაადგილებასთან დაკავშირებით, მათ მიეცათ საშუალება, რომ მსუბუქი ავტომობილით მოახდინონ გადაადგილება თავიანთ საყანე ფართობებამდე. რა თქმა უნდა, იმ წესების დაცვით, რაც არის რეგულაციებით განსაზღვრული. ასევე, გარკვეული საშვები გაიცემა იმ მაღაზიებზე, რომლებიც ფერმერებს ამარაგებენ სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებით, თუ საჭირო ინვენტარით“,- ზურაბ ნასარაიამ.