ირაკლი კობახიძე: საბოტაჟის მოწყობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაუშვებელია
“დაუშვებელია ასეთი ტიპის საბოტაჟის მოწყობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ იშლის ასეთ ქმედებებს და დღესაც ამის მორიგი გამოვლინება იყო მარნეულში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გადაცემა “დღის ქრონიკაში” განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის” ორივე განშტოების ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი მარნეულში გამართული აქციის ორგანიზებაში. ისინი ამ აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც ლიდერები. ყველაფერი იყო დღესავით ნათელი – იყო პოლიტიკური აქცია და ამ პოლიტიკური აქციის მიზნები არის ძალიან მკაფიო იმ პირობებში, როდესაც ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლისთვის იბრძვიან. ათეულობით ჩვენი მოქალაქეები ინფიცირებულები არიან და ექიმები, მთელი თავიანთი საქმიანობით, ჩართული არიან ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამ პირობებში კეთდება ისეთი რამ, რაც ქმნის ეპიდემიის ხელოვნურ კერას, რაც ძალიან მძიმე ქმედებაა. ამ მძიმე ქმედებას, ბუნებრივია, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს”, – განაცხადა კობახიძემ.