ნათია მეზვრიშვილი: დავემორჩილოთ წესებს დღეს იმისთვის, რომ ხვალ სწრაფად შევამსუბუქოთ შეზღუდვები

“სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოსავალი მიზანი იყო ადამიანების, ავტომანქანების მობილობის შემცირება და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა, როგორც ამას მთელი მსოფლიო აკეთებს”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას არ შეუზღუდავს ის უფლებები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო დისტანციის დაცვისა და მობილობის შემცირებისთვის.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, 27 აპრილამდე დაშვებულია მხოლოდ იმ ავტომობილების გადაადგილება, რომლებიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეების ნორმალური ყოფა-ცხოვრებისთვის.

“რაც შეეხება ავტომანქანებს, გეთანხმებით, რომ ბოლო დღეებში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების რაოდენობამ, ცოტა მოიმატა და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ოფიციალური განცხადება გაკეთდა. ეს გახლავთ ის ავტომობილები, რომელთა მოძრაობა აუცილებელია იმ თანამშრომელთა გადაადგილებისთვის, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ანუ ეს ის ობიექტებია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენი მოქალაქეების ნორმალური ყოფა-ცხოვრებისთვის აუცილებელია. გვესმის, რომ ეს შეზღუდვები იწვევს უკმაყოფილებას, თუმცა ეს შეზღუდვები გვჭირდება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შევინარჩუნოთ ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს. დავემორჩილოთ ამ წესებს დღეს იმისთვის, რომ ხვალ სწრაფად შევამსუბუქოთ შეზღუდვები. თუ დღეს ამ წესებს არ დავემორჩილებით, შეზღუდვებს სწრაფად ვერ შევამსუბუქებთ. დამერწმუნეთ, რომ მთავრობისთვის და ხელისუფლებისთვის საგანგებო მდგომარეობა არის უდიდესი ტვირთი მენეჯმენტის თვალსაზრისით და ეს არ არის ჩვენი აკვიატება, ჩვენ არ გვეხალისება ამ შეზღუდვების დაწესება და კარგად ვაცნობიერებთ შეზღუდვებს, როგორი ეკონომიკური და სოციალური ეფექტი აქვს ჩვენს მოქალაქეებზე და იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ პრობლემების მოგვარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები