გიგა ბოკერია მარნეულში აქციაზე: “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობენ, ეს ხალხი დაამშვიდონ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტის საგანგებო სესიაზე მარნეულში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება სამართლებრივი წესრიგი დაარღვიოს.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, ჩვენი პოლიტიკური ძალის „ევროპული საქართველოს“ მომხრეებს, ნებისმიერ სხვას, რომ ამ ურთულეს ვითარებაში როგორი საფუძველიც არ უნდა ჰქონდეთ აღშფოთების და აქვთ ეს საფუძველი, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება სამართლებრივი წესრიგი დაარღვიოს. ეს არის მკაფიო პოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან მარნეულში და ცდილობენ დაამშვიდონ ეს ხალხი. გაითვალისწინეთ ერთი რამე, როცა ზღვარს სცდება ვითარება, როცა ჩაკეტილი გყავს ხალხი და არ აძლევ შესაძლებლობას, რომ ოჯახი შეინახოს, შეუძლებელი შეიძლება გახდეს კონტროლი. ამას მოგიწოდებდით მშვიდად და კონსტრუქციულად, მაგრამ ყური არ შეიბერტყეთ“, -განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას განცხადებას პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
„ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა მას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა. ბატონი იამამ კულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ზოგადი მოწოდებების ნაცვლად, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, სჯობს აიღონ ტელეფონი, დარეკონ იამამ კულიევთან და სულეიმანთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების უფლება მიიღონ. აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ადგილზე უკვე იმყოფებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილი.