ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი დაიწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა.
მერის ინფორმაციით, მედიკოსები პირველ ეტაპზე ლეჩხუმში მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ, მეორე ეტაპზე კი თერმოსკრინინგს განახორციელებენ.
“კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დავიწყეთ მოსახლეობის სრული გადამოწმება და ინფორმირება. თერმოსკრინინგი მოსახლეობას არა მარტო ქალაქში, არამედ ყველა სოფელში ჩაუტარდება. დღეს ქალაქ ცაგერის, ქვედა ცაგერის, ლუხვანოს, უსახელოსა და ჭალისთავის მოსახლეობის ნაწილი გადამოწმდება და ერთ კვირაში კი ყველა თემში ჩამთავრდება“, -განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.
ცაგერისა და ქვედა ცაგერის თემებში, მედიკოსებთან ერთად, თემის რწმუნებულები და მაჟორიტარი დეპუტატებიც იმყოფებოდნენ.
როგორც ქვედა ცაგერის მცხოვრებმა, ნათელა მდივანმა “რეგიონულ კვირას“ განუცხადა, ეს ძალიან საჭირო პრევენციაა, რადგან მოსახლეობაში შიში და პანიკა არ გაჩნდეს.
“უკვე მეორედ მოვიდნენ მედიკოსები და თემის რწმუნებული. ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს ადგილობრივი ხელისუფლება. ჩაგვიტარდა თერმოსკრინინგი და მადლობა უფალს, რომ რისიც გვეშინოდა მხარეში, ის საშიშროება უკვე მოხსნილია“, – განაცხადა ქვედა ცაგერის მაცხოვრებელმა.
ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგს, ჯამურად, 15000 ადამიანი გაივლის.