“ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებასა და საარჩევნო კალენდარზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს”
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია, პატარა ქვეყანამ მისცეს არამხოლოდ ჯანდაცვის კრიზისის დაძლევის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლის და ამავე დროს სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე და საარჩევნო კალენდარზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს.
“საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვეცი ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც ხაზს ვუსვამ, არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას ვაძლევთ საშუალებას, წარმატებულად გავიაროთ რთული გზა, ბრძოლის დასრულებამდე. აქამდე ჩვენ გადავდგით სამაგალითო ნაბიჯები, შევძელით და საგანგებო მდგომარეობა არ გასცდა თავის მიზანს, შეზღუდვები არ შეეხო მაგალითად სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, სხვა ქვეყნებს შევხედოთ, მინიმალურად შეეხო ადამიანის უფლებებს, კერძოდ გადაადგილებისა და შეკრების უფლებას, ასევე ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე და საარჩევნო კალენდარზე და ჩვენ დემოკრატიულ სვლაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია პატარა ქვეყანამ მისცეს არამხოლოდ ჯანდაცვის კრიზისის დაძლევის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლის და ამავე დროს სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი. ეს იქნება ჩვენი ყველას ნამდვილი გამარჯვება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.