ნათია მეზვრიშვილი: ხელისუფლება ანტიკრიზისულ ნაბიჯებსა და შეზღუდვების თანმიმდევრული შემსუბუქების გეგმას 24 აპრილს წარმოადგენს

“ანტიკრიზისულ გეგმაზე ხელისუფლებამ უკვე იმუშავა და არსებობს გარკვეული შედეგები, რომელსაც პარასკევს წარმოვადგენთ”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყრიან კენჭს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ეტაპობრივად გეგმის წარმოდგენა გასული დღეების განმავლობაშიც დაიწყო – პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის, 3 თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის; მთავარ სასურსათო პროდუქტებზე ფასების დაზღვევის საკითხი, რომელიც, ასევე, მოგვარდა, რათა პროდუქტები არ გაძვირებულიყო; 3 თვით გადავადდა სესხების მომსახურება მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის და ა.შ.

“ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი, შემდეგი ნაწილი გახლავთ 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა, რაც ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ეს რესურსი მოზიდულია საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან და უკვე შემდგომი ეტაპი იქნება 24 აპრილს. პარასკევს ხელისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს, რაც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები, პირველ ყოვლისა, ეს გახლავთ პანდემიის ე.წ. კომპენსაციის გეგმა, ანუ მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების და ეკონომიკის ამუშავების, გახსნის გეგმა.

რაც შეეხება პოსტკრიზისულ გეგმას – ამაზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას ხელისუფლება და საზოგადოებას, ბუნებრივია, დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. ვიმედოვნებ, საკმარისი არგუმენტაცია წარმოვადგინეთ იმისთვის, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭიროს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებას 22 მაისის ჩათვლით და ვიმედოვნებ, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ ერთხელ შევძლებთ, რომ არსებული სიტუაცია კონტროლს დავუქვემდებაროთ და ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო მეტად შევანელოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებლობის ფარგლებში”, – მიმართა ნათია მეზვრიშვილმა დეპუტატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები