გურამ ნიკოლაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: არ გააკეთებს ქრესტომათიულ პიარულ სვლებს, ასე ივლის ბოლომდე

„9 წელია, ცდილობენ მის შემოყვანას ორდინარულ ველზე, პოლიტკორექტულობის ჩარჩოში მოქცევას, მისი ვორდინგის გასწორებასა და სტანდარტულ მმართველად ქცევას – სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი დასასრულის დაწყებას. არ გამოდის. არც გამოვა ასე. არაორდინარულია და იმიტომ”, – წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს, ის არ გააკეთებს ქრესტომათიულ პიარულ სვლებს და ასე ივლის ბოლომდე.

„უხსოვარ დროს, როცა არც „ტიკ-ტოკი” არსებობდა და ივანიშვილიც ოპოზიციაში მოვიდა, „ნაცმოძრაობამ” მისი პერსონალური კომპიუტერი გატეხა. ვერაფერი საქმიანი იქ ვერ ნახეს, სამაგიეროდ, იპოვეს პირადი, ოჯახური ფოტოები, ბავშვის დაბადების დღეზე გადაღებული ვიდეო, სადაც ანიმატორია მიწვეული და ბუშტებით თამაშობენ. ეს მასალები ამოიღეს, გაავრცელეს, იღლიცინეს, კონტექსტი შეუცვალეს და ნეგატიური კონოტაციით მისი არაორდინარულად ჩვენება სცადეს.

ეს მავნებლობები დასრულდა 1-ელ ოქტომბერს. დაასრულა მისმა პარტიამ, რომელიც დღევანდელ დღეს, 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.

არადა, ბიძინა მართლაც არაორდინარულია. 9 წელია, ცდილობენ მის შემოყვანას ორდინარულ ველზე, პოლიტკორექტულობის ჩარჩოში მოქცევას, მისი „ვორდინგის” გასწორებას და სტანდარტულ მმართველად ქცევას. სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი დასასრულის დაწყებას. არ გამოდის. არც გამოვა ასე. არაორდინარულია და იმიტომ.

სანამ ეთერები დუღს სხვადასხვა ანალიზით, ის მოქმედებს. ასე იქნება არჩევნებზეც და ვერავინ იტყვის წინასწარ, რას იზამს.

სად უნდა გამოჩენილიყო, რა ფორმით, რა ტექსტით, ოპოზიციის კრიტიკა რომ არ მოჰყოლოდა?! შეეთავსებინა მთავარი ინფექციონისტის ამპლუა, ჩაეცვა თეთრი ხალათი და კონსილიუმები ეტარებინა პირდაპირ ეთერში, როგორც ზოგიერთი იზამდა? თუ სამედიცინოს სახურავზე ამძვრალიყო? ვერა. არ გააკეთებს ქრესტომათიულ პიარულ სვლებს. ჯიუტია და აღარ შეიცვლება. ასე ივლის ბოლომდე. გააკეთა მოძრაობა, რომელიც სრულიად არაორდინარულია. შვილის ვიდეოში „ტიკ-ტოკზე” (პირველი ვიდეოა, რაც ამ პლატფორმაზე ვნახე). კარგადაა, არ განიცდის ფსიქოლოგიურ სტრესს, ოჯახთან ბედნიერია – ისევე, როგორც იმ პირატულ ვიდეოებში უხსოვარი დროიდან.

ზოგიერთები გაერთობით, ზოგიერთები იქილიკებთ. ლოგიკურია.

პ.ს. ბერას „ტიკ-ტოკზე” სხვა ვიდეოებიც დევს, ვინც გასართობად შეხედავთ”, – წერს გურამ ნიკოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები