ნათია თურნავა: ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს „აწარმოე საქართველოში” პროგრამის მეშვეობით, რათა პირბადის ან სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს არ განვიცდიდეთ

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული, არ განვიცდიდეთ პირბადის ან სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს და ამას ვაკეთებთ ადგილობრივი ბიზნესის დახმარებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მეშვეობით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრი თბილისში კომპანია „ფავორიტი სტილის” ერთ-ერთ საწარმოში საწარმოო პროცესს გაეცნო. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარია და 2020 წლის მარტიდან ბიოსამედიცინო კომბინიზონებს, დამცავ ნიღაბ-ფარებს, დამცავ სათვალეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს.

„ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაეწყო ჩვენი ბიზნესი დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში ყველაზე უფრო მეტად საჭირო საქონლის წარმოებაზე. ერთ-ერთი პროდუქცია, რომლის წარმოებაც კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში” დახმარებით დაიწყო, დაცვის ფარებია, რომელიც დღეს ადგილობრივ ბაზარზე იმდენად ფართოდაა წარმოდგენილი, რომ ნება დავრთეთ, გარკვეული რაოდენობა ექსპორტზეც გაეტანა. აღნიშნული დაცვის ფარები ძალიან მოთხოვნადია აშშ-ში, უკრაინასა და ბევრ სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანიას „ფავორიტი სტილი”, რომელიც 26-წლიანი გამოცდილების კომპანიაა და კორონავირუსის პანდემიამდე, ძირითადად, საბეჭდი მასალების წარმოებით იყო დაკავებული, 2020 წლის მარტში სპეციალური მანქანა-დანადგარები შეიძინა და ვირუსისგან დაცვის საშუალებების დამზადება დაიწყო. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 180,000 აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის სამ საწარმოში 800 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიას აქვს სახელმწიფო დაკვეთები და ამავდროულად როდუქცია აშშ-ში, ესტონეთსა და უკრაინაში ექსპორტზე გააქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები