ირაკლი პეტრიაშვილი: ვის აქვს უფლება, სასწორზე დადოს და გამოსცადოს ჩვენი ექიმების გამძლეობა?

“ვის აქვს უფლება სასწორზე დადოს და გამოსცადოს ჩვენი ექიმების გამძლეობა?”, – ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მთავრობის რეკომენდაციებს ყველა უნდა დაემორჩილოს.

„დებო და ძმებო!
ექიმები, ექთნები, სანიტრები –  კვირაობით სახლში წაუსვლელად არიან ჩვენი დაინფიცირებული მოქალაქეების სიცოცხლის სადარაჯოზე და გვეუბნებიან, რომ თუ რაოდენობა გაორმაგდა, არათუ ფიზიკურად მათი გამძლეობა, არამედ ჯანდაცვის სისტემა (საწოლები, სუნთქვის აპარატები, პროფესიონალი ადამიანების რესურსი და ა.შ.) ვერ გაუძლებს მტრის შემოტევას და დავიქცევით, ვეღარ მოგარჩენთ, ვეღარ მოგემსახურებითო და ამიტომ დარჩით სახლშიო!!! აი, ამ დროს, როცა ოპერატიული თვალსაზრისით ყველა უნდა ემორჩილებოდეს (მთავრობაც კი) მათ რეკომენდაციებს, მათ მითითებებს, ვის აქვს უფლება, სასწორზე დადოს და გამოსცადოს ჩვენი ექიმების გამძლეობა? ვის აქვს უფლება, ითამაშოს ადამიანების ბედითა და ჯანმრთელობით? ეჭვი შეიტანოს პროფესიონალების პროგნოზში, მით უმეტეს, რომ ჩვენი თვალით ვხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში.
ეს არის ომი, ომი უხილავ, ვერაგ მტერთან და ომს აქვს თავისი წესები, ომის დროს ნების გამოხატვის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება და ა.შ. არის შეზღუდული, მთავარსარდლის თუ ნებისმიერი ხელმძღვანლის ბრძანების შეუსრულებლობა ისჯება უმკაცრესად, თუ, რა თქმა უნდა, მთავარსარდალი ან, ამ შემთხვევაში, მთავრობა არ არის მტრის მხარეს და მე ვფიქრობ, რომ არც მთავრობა და არც ჩვენი გმირი ექიმები არ არიან მტრის მხარეს!!! ამიტომ მხოლოდ ერთად დგომა, ერთსულოვნება, სოლიდარობა, დისციპლინა, სახელმწიფოებრივი აზროვნება, პროფესიონალიზმი მოგვაგებინებს ამ ომს!!!
მომიტევეთ, მაგრამ ნებისმიერი სხვაგვარი ქმედება მიმაჩნია მტრის მხარეს ყოფნად!!!
ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული ერთმანეთზე ზრუნვის გარეშე არ არსებობს!!!
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მამაჩემის საფლავზე გასვლაში ოდისმე  რაიმე დამაბრკოლებდა, მაგრამ ვიცი, ის არასდროს მომიწონებდა, დედის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დამეყენებინა. არც ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლის არიოლ-რეშკაზე დადებას მოგვიწონებს უფალი.
ამიტომ დარჩით სახლში და ილოცეთ ჩვენი ექიმებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სამსახურეობრივად სახლში დარჩენა არ შეუძლია.
დიახ! მძღოლები, მაღაროელები, მეშახტეები, დოკერები, მარკეტის კონსულტანტები, ხაბაზები, ენერგეტიკოსები, გლეხები და ფერმერები, ჟურნალისტები არიან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები!!!
მრავალი აღდომა მიგველოცოს ერთმანეთისთვის, ამიტომ დარჩით სახლში“, – წერს პეტრიაშვილი „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები