სუს-ში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – სასწავლო ცენტრი შეიქმნა, რომელიც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა

“2019 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – სასწავლო ცენტრი, რომელიც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა”, – ამის შესახებ ინფორმაცია სუს-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ცენტრის მიზანია სამსახურის მოსამსახურეთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, ისევე, როგორც ახალი კადრების პირველადი მომზადება-გადამზადებისა და სპეციალურ დისციპლინებში კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.

“აღნიშნული მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, აისახა ცვლილებები შესაბამის კანონებსა და დადგენილებებში, განისაზღვრა სასწავლო ცენტრის ძირითადი ფუნქციები და სპეციალური პროგრამების მიმართულებები, შემუშავდა სასწავლო მასალები და დამტკიცდა შესაბამისი კადრების შერჩევის წესები.
​ამავე დროს, თანამშრომელთა პროფესიული უნარების განვითარების, უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2019 წელს სამსახურის წარმომადგენელთა ჩართულობა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გამართულ სასწავლო კურსებსა და გადამზადების პროგრამებში. ამ მხრივ, ხაზგასასმელია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნების, ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები