სუს-ი: გასულ წელს უწყების მიერ შემუშავდა და გამოიცა 202 ახალი სამართლებრივი აქტი

“2019 წელს შემუშავდა და გამოიცა 202 ახალი სამართლებრივი აქტი. ამავე დროს, სამსახურმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მომზადებულ 267 სამართლებრივი აქტის პროექტზე”, – აღნიშნულია სუს-ის მიერ მომზადებულ 2019 წლის ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საერთო სასამართლოებში 1428 ინფორმაცია/მტკიცებულება გაიგზავნა და სასამართლოებიდან შემოსული 720-ზე მეტი დოკუმენტი დამუშავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო 29 სასამართლო საქმის განხილვაში

“​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ან/და მისი აქტიური ჩართულობით შემუშავდა სამსახურთან დაკავშირებული მთელი რიგი რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ცვლილებები განხორციელდა სამსახურში მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. იზოლატორში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით დადგინდა უფრო მაღალი სტანდარტები, განისაზღვრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის იზოლატორში შესვლის უფლება და ინფორმაციის დროული მიწოდების პროცედურები.
​ასევე, 2019 წელს ცვლილებები იქნა შეტანილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შერჩევის პროცედურებში, მათ შორის სავალდებული გახდა კანდიდატის ტესტირება და კომისიური წესით შერჩევა. ცვლილებები შევიდა სამსახურის გავლის წესშიც, რომლის თანახმად, გაიზარდა გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე განისაზღვრა შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები, რომლებიც მოიცავს როგორც პრევენციას ამ მიმართულებით, ასევე შესაბამისი კონტროლის მექანიზმებს.
ამავე დროს, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა რიგი სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმები. სამსახურის დებულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გაიმიჯნა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცემა და საჩივრების განხილვა. ასევე, სამსახურში შეიქმნა ახალი სტრუქტურული დანაყოფი სასწავლო ცენტრის სახით, როგორც სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

2019 წელს ცვლილებები განხორციელდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობასა და დებულებაში, რომლის მიხედვით, აღნიშნულ კომისიას უკვე თავად სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს.
​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნორმატიული ბაზის სრულყოფისას გარკვეული ნაწილი საიდუმლო ნორმატიული აქტების გამოცემას უკავია. აღსანიშნავია, რომ სამსახურმა ნდობის ჯგუფს, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პროაქტიულ რეჟიმში გასაცნობად გაუგზავნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული 14 საიდუმლო ნორმატიული აქტი.

​საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა საქართველოს საერთო სასამართლოებთან ურთიერთობის/წარმომადგენლობის კუთხით. შესაბამისი განჩინების საფუძველზე, საერთო სასამართლოებს სამსახურის მიერ შეუფერხებლად მიეწოდათ საქმეების განხილვისათვის საჭირო საიდუმლო და არასაიდუმლო ინფორმაცია/მტკიცებულებები. 2019 წელს საერთო სასამართლოებში გაიგზავნა 1428 ინფორმაცია/მტკიცებულება, დამუშავდა სასამართლოებიდან შემოსული 720-ზე მეტი დოკუმენტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო 29 სასამართლო საქმის განხილვაში”, – ნათქვამია სუს-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები