ლარის კურსის ჰეჯირება – ბიზნესასოციაციის შეთავაზება მთავრობას
საქართველოს ბიზნესასოციაცია სავალუტო რისკების დაზღვევის ინიციატივით გამოდის. საქართველოს ბიზნესასოციაციაში სავალუტო რისკების ჰეჯირების (დაზღვევის) საკითხზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრა გაიმართა.
ბიზნესასოციაციის განმარტებით, COVID 19- ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანას მნიშვნელოვნად შეუმცირდა სავალუტო შემოდინებები, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა. კურსზე ზეწოლას, ასევე, ამძაფრებს არსებული ნეგატიური მოლოდინები. შედეგად, ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე და, ასევე, გაზრდილია მოთხოვნა ლარში დენომინირებულ სესხებზე. ამ დისბალანსმა, ბუნებრივია, გამოიწვია ლარებში საპროცენტო განაკვეთების საგრძნობი ზრდა.
საქართველოს ბიზნესასოციაციაში მიაჩნიათ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება სავალუტო ჰეჯირების ინსტრუმენტის გამოყენება. ეს ინსტრუმენტი, რომლის მექანიზმებსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია უკვე გარკვეული პერიოდია, ამუშავებს, საშუალებას იძლევა, რომ კომერციულ ბანკებში დღეს არსებული და სამომავლოდ მოსაზიდი უცხოური ვალუტა გარდაიქმნას ლარად ისე, რომ ამ პროცესმა ლარის გაცვლით კურსზე არ იქონიოს ნეგატიური ეფექტი. შემოთავაზებული ჰეჯირების ინსტრუმენტის მთავარი პრინციპები იქნება:
საქართველოს მთავრობა და საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს შესაბამისი ფასის გადახდით დაუზღვევს სავალუტო რისკს გარკვეულ თანხაზე.
ბანკები, ამ თანხის ფარგლებში, შიდა სავალუტო ბაზარზე დააკონვერტირებენ უცხოურ ვალუტას ლარში და გასცემენ სესხებს ლარში.
საქართველოს ბიზნესასოციაცია საქართველოს მთავარობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ამ საკითხზე აქტიურ და პროფესიულ კონსულტაციებს განახორციელებს.
ბიზნესასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი იქნება ზემოაღნიშული ინიციატივა, რაც მნიშვნელოვანი ღირებულების მომტანი იქნება ბიზნესისათვის.