გორში უკანონო გარევაჭრობის ფაქტი აღკვეთეს

გორში ავტოსადგურის მიმდებარედ არსებული უკანონო სავაჭრო ობიექტები, მერიის გადაწყვეტილებით, დღეს დილით დაიშალა. როგორც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, აღნიშნულ ობიექტებზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უკანონო ვაჭრობა მიმდინარეობდა. ადგილზე არ ხდებოდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც მოვაჭრეების, ასევე, თითოეული გორელის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სავაჭრო ობიექტები დროებით დაიშალა.
“ჩვენ დავინტერესდებით თითოეული მოვაჭრის ბედით. ეს იყო მათივე უსაფრთხოებისა ჯანმრთელობისთვის გატარებული ღონისძიება. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვაჭრობა მიმდინარეობდა და მოგეხსენებათ, ახლა რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, რათა თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგები. დახლების მოშლის პროცესის დასრულების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები