რუსეთის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ აშშ-ს, WHO-ზე თავდასხმა შეწყვიტოს და საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდოს
“აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა პანდემიასთან ბრძოლაში ვაშინგტონის ეგოისტურ მიდგომაზე მიუთითებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
“ვაშინგტონის განცხადება ძალიან შემაშფოთებელია. ეს პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ვაშინგტონის მხრიდან ეგოისტურ მიდგომაზე მიუთითებს. ორგანიზაციისთვის ასეთი დარტყმის განხორციელება მაშინ, როდესაც მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება მის მიმართ არის მიპყრობილი – ნაბიჯია, რომელიც გაკიცხვასა და დაგმობას იმსახურებს”, – აღნიშნა დიპლომატმა.
რიაბკოვის თქმით, WHO საქმიანობას საკუთარი წესდების შესაბამისად აწარმოებს და ის ქვეყნების მთავრობების უმრავლესობაში, მეცნიერებში, მედიკოსებსა და ეპიდემიოლოგებში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.
“მოვუწოდებთ აშშ-ს, ორგანიზაციაზე თავდასხმა შეწყვიტოს და პასუხისმგებლიანი ხაზი დაიკავოს, რომელიც სამედიცინო-ბიოლოგიურ სფეროში საერთაშორისო თანამეგობრობის თანამშრომლობის საფუძვლებს არ დაანგრევს, არამედ, პირიქით, განამტკიცებს ამ თანამშრომლობას, განვითარებისთვის შესაბამისი ბაზის შესაქმნელად”, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.